Tuesday, June 29, 2010

გამოცდების ბოლო დღე და ,,მოდილიანი"

                     როგორც იქნა გამოცდებს მოვრჩი... მართალია, ამის დაჯერება მიჭირს, მაგრამ სხვა რა გზაა, თან დაჯერების სურვილი ნამდვილად მაქვს, იმაზე დიდიც კი, ვიდრე ჩვეულებრივ, გადაღლილ სტუდენტს უნდა ჰქონდეს. მაღლივიდან მომავალმა გადავწყვიტე, საღამოს რამე კარგი ფილმი გადმომეწერა და თეორიული მასალების სწავლისაგან გადაღლილი ტვინი ცოტა მაინც დამესვენებინა. სახლში მიმავალმა მარილიანი ჩხირებიც მოვიმარაგე, ყავაც ვიყიდე და კომპიუტერთან კომფორტულად მოვეწყე. სანამ facebook-ზე კომენტარები დავარიგე და მეგობრებს წავეჭორავე, ფილმიც გადმოიწერა და საყურებლად მოვემზადე.
                        ფილმი - ,,მოდილიანი”, საბოლოოდ ეს გადავწყვიტე. ფილმებს ძირითადად hard.ge-დან ვიწერ ხოლმე. მოდილინზე აქამდეც გამიგია ბევრი რაღაც და გადავწყვიტე, სწორედ ეს ფილმი მენახა, თან აღმოვაჩინე რომ მთავარ როლს ქართველებისათვის უკვე კარგად ცნობილი ენდი გარსია თამაშობს. ხოდა ორი კურდღლის დაჭერა მოვინდომე, თან შევაფასებდი ჩვენი პრეზიდენტის როლის შემსრულებელ ვარსკვლავს, თან მოდილიანის ცხოვრებაში და წვრილმან დეტალებში უკეთესად გავერკვეოდი. 
                           ფილმმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდიელაბ მოახდინა, მიუხედავად მისი დიდი ქრონომეტრაჟისა (2 საათი და 10 წუთი) დიდი ინტერესით ჩავედი ბოლომდე. მერე კი მივყევი და საინტერესო ადგილზე გადახვევებით თითქმის მეორედ ვუყურე. მაიქ დევისი, ფილმის რეჟისორი, ნამდვილად ქების ღირსია. მან მოახრეხა და მოდილიანი ისეთი დაგვიხატა, როგორიც რეალურად იყო, თუმცა ისე რომ არანაირი გაღიზიანება არ გამოეწვია მაყურებელში. მოდილიანი: ლოთი, გართობის მოყვარული, ბოჰემური ცხოვრების მიმდევარი იმის ნაცვლად რომ მაყურებლის გაღიზიანებას იწვევდეს, პირიქით, მისდამი კეთილად განაწყობს და უბიძგებს, მთელი ფილმის განმავლობაში მისი პრობლემები გაიზიაროს, მასთან ერთად განიცადოს უკუღმართი ცხოვრების სიმწარე. ენდი გარსია კი შესანიშნავია. ის არამარტო გარეგნულად გავს მოდილიანს, არამედ საკამაოდ კარგად ითავსებს მის როლსაც.
               ფილმში კარგადაა აღწერილი პიკასოსა და მოდილიანს შორის ფარული, ზოგჯერ კი აშკარა დაპირისპირება. პიკასო, უკვე წარმატებული მხატვარი მოდილიანის უსაზღვრო ტალანტს გრძნობს და ცდილობს ყველას დაანახოს, რომ მოდილიანი მიუხედავად უსაზღვრო ნიჭისა, მას ვერ შეედრება. მოდილიანი კი ბრაზდება როცა მის ტალანტს შესაბამისად არ აფასებენ, აღიზიანებს პიკასოს ქედმაღლობა და შანსს არ უშვებს ხელიდან რათა  თავისი განუმეორებლობა დაუმტკიცოს.
                   ფილმი პიკს ბოლოს აღწევს, როცა გამოფენაზე, სადაც ცნობილ მხატვრებს შორის კონკურსი ეწყობა მოდილიანის მიერ დახატული სურათი იმარჯვებს. სურათზე ჟანაა, მოდილიანის ცოლი (ამჯერად თვალები დახატული აქვს. როგორც ცნობილია, როცა მოდილიანმა ჟანა პირველად დახატა, თვალები არ დაუხატავს. მისი თქმით თვალებს მაშინ დახატავდა, როცა ჟანას სულიერ სამყაროს ჩაწვდებოდა.) მოდილიანი გამოფენას არ ესწრება, ის ჩვეულებრივ სადღაც დუქანშია და უზომოდ მთვრალს ჩხუბი მოსდის მეპატრონესთან. მოდილიანს სასიკვდილოდ სცემენ. მოდილიანის გამარჯვებას პიკასოც იზიარებს და ტაშსაც პირველი ის უკრავს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ პიკასოს ამ კონკურსისათვის მოდილიანი ყავს დახატული.
                 ფილმის დასასრული ტრაგიკულია. მოდილიანის ერთგული მეუღლე, ორსული ჟანა ფანჯრიდან ხტება, მას მოდილიანის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია. სიკვდილის წინ ჟანა პიკასოსთან მიდის და ეუბნება, რომ სიკვდილისას მისი ბოლო სიტყვა ,,მოდილიანი” იქნება. ჟანას სიტყვები გამართლდა.  ცნობილია, რომ პიკასო სიკვდილის წინ სწორედ ,,მოდილიანს” ეძახდა.

No comments:

Post a Comment