Monday, July 12, 2010

"შთაბეჭდილების მხატვარი"

ნადარის ფსევდონიმით ცნობილ მხატვარ-ფოტოგრაფ ტურნაშონ ფელიქსის ატელიეს 1874 წლის 15 აპრილის დილას მთელი პარიზი მიაწყდა. გაიხსნა "ფერმწერთა, გრაფიკოსთა, მოქანდაკეთა, გრავიორთა და სხვათა ანონიმური კოოპერაციული საზოგადოების" პირველი გამოფენა.

დამთვალიერებლებს დიდი დრო არ დასჭირვებიათ დებოშის ასატეხად - თანდათან მატულობდა მაყურებლის აღშფოთება, ნერვიული ხარხარი, ავტორთა ლანძღვა, მუქარა და დაცინვა. განსაკუთრებით კლოდ მონესა და პოლ სეზანის სურათებს განაქიქებდნენ. მონეს მომცრო ტილომ, "შთაბეჭდილება. მზის ამოსვლა" (Iმპრესსიონ, სოლეილ ლევანტ) ისეთი ცუდი "შთაბეჭდილება" შეუქმნა გესლიან კრიტიკოსებს, რომ დემონსტრაციულად შეუდგნენ სათვალეების წმენდას - ალბათ, სათვალის ბრალია, თორემ მხატვარი ასეთ დათხუპნილ სურათს როგორ გვაჩვენებდაო.
ამით ისარგებლა სენსაციებზე მონადირე ჟურნალისტმა ლუი ლერუამ და მაშინვე ჟურნალ "შარივარში" მონე და მისი მეგობრები "შთაბეჭდილების მხატვრებად" ანუ იმპრესიონისტებად მონათლა. ჟურნალისტის ამ ცინიკურმა ტერმინმა საპირისპირო შედეგი გამოიღო: ცინიკური შეფასების მიმართ თავად იმპრესიონისტებს პროტესტი არასდროს გამოუთქვამთ, მხოლოდ დეგა იყო წინააღმდეგი, თუმცა საბოლოოდ ისიც შეურიგდა საყოველთაო აღიარებას. კლოდ მონე კი, ღრმა სიბერეშიც დაბეჯითებით იმეორებდა: "მე ვიყავი და მსურს დავრჩე იმპრესიონისტად... ვიმეორებ, მე იმპრესიონისტი ვარ!"

პირველი აღიარება მონეს 1866 წელს მოულოდნელად მოუტანა არა "მორიგმა პეიზაჟმა", არამედ მომავალი მეუღლის - კამილა დონსიეს პორტრეტმა "მწვანეკაბიანი ქალი, ანუ კამილა". გამოფენის მეორე დღეს მონემ უკვე სახელმოხვეჭილმა გაიღვიძა - ახალგაზრდა, მგზნებარე ემილ ზოლამ ყველა კრიტიკოსი გააჩუმა და კამილას პორტრეტს "ცოცხალი სამყაროსკენ ფართოდ გაღებული სარკმელი" უწოდა. ზოლა მთელი სიცოცხლე მონესა და იმპრესიონისტების უდიდეს თაყვანისმცემლად და ქომაგად დარჩა.
ამის შემდეგ მონეს ფერწერული "ექსპერიმენტები" უფრო გაბედული გახდა. კლოდისა და მისი მეგობრების ედუარდ მანესთან დაახლოებამ ბევრი რამ შესძინა მათაც და თვით მანესაც. თანდათან ჩამოყალიბდა თანამოაზრეთა მონოლითური ჯგუფი, რომლის აღიარებული თავკაცი ასაკითა და გამოცდილებით უფროსი ედუარდ მანე იყო...
ჭარმაგი მონეს წერილები სრულიად აბათილებენ ლეგენდას იმის შესახებ, რომ იმპრესიონისტები მხოლოდ წმინდა სანახაობითი მიზნით, პირველივე შთაბეჭდილებით აფიქსირებენ ბუნებას და არ საჭიროებენ იმის ცოდნას, რასაც ასახავენ. მონეს თქმით, შთაბეჭდილებას, წამიერ გაელვებას, მოვლენის დინამიკურ ცვალებადობათა რიგს მხოლოდ მაშინ აქვს მნიშვნელობა, როცა ისინი რეალური სამყაროს კანონზომიერებათა შეცნობის საფუძველზე არის გადმოცემული: "არ შეიძლება მხატვარი ეწოდოს მას, ვინც აზრობრივად ვერ წარმოიდგენს მთელ სურათს მანამდე, ვიდრე მის შექმნას შეუდგებოდეს".
მონემ ღრმა სიბერემდე იცოცხლა. მოესწრო ორივე ცოლისა (კამილა ტუბერკულოზით მოკვდა 1879 ., მეორე ცოლი, ალისა ოშედე - 1911 .) და უფროსი ვაჟის - ჟანის (1914 .) გარდაცვალებას. წავიდნენ მისი მეგობრებიც... კლოდმა იცოდა სიყვარულისა და სიკეთის ფასი. კლოდ მონეს თაოსნობით დაენიშნა მანეს ოჯახს საზოგადობრივი დახმარება და მხატვრის დიდებულმა "ოლიმპიამაც" სამუდამო ადგილი ლუვრში მისი დაჟინებით პოვა, სეზანსაც დახმარების ხელი პირველად მან გაუწოდა.
რამდენიმე მხატვარს ეყოფოდა სახელის მოსახვეჭად ის, რაც მონემ ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში შექმნა, მაგრამ მას ფუნჯი ხელიდან სიცოცხლის ბოლომდე არ გაუგდია - მაშინაც კი, როცა კატარაქტის გამო თითქმის დაბრმავდა და ჟივერნში, საკუთარი ოფლით ედემად ქცეულ თავის მამულში საყვარელ ტბორსა და ყვავილნარს ვეღარ ხედავდა...

No comments:

Post a Comment