Wednesday, July 14, 2010




გუსტავ კლიმტის ცხოვრება ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დედაქალაქ ვენის აყვავებისა და დეკადანსის ეპოქას დაემთხვა. აქ მაშინ ჰაბსბურგები მეფობდნენ. სწორედ ამ ატმოსფეროში, ორი საუკუნის გასაყარზე მოუხდა ამ მეტად თავისებურ მხატვარს ცხოვრება, მოღვაწეობა და უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებების შექმნა. არსებული მწირი ცნობებით რჩება შთაბეჭდილება, რომ კლიმტი წინააღმდეგობრივი პიროვნება იყო. თავადვე აღიარებდა, რომ ხატვა დიდად არ ეხერხებოდა, მიუხედავად ამისა, დიდი როლი შეასრულა ისტორიზმით გადატვირთული ავსტრიული ფერწერის განახლებაში.

მისი პირადი ცხოვრებაც ბურუსითაა მოცული. მთელი სიცოცხლე დედისა და დების გვერდით გაატარა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ თოთხმეტი ბავშვის მამობა მიეწერათ, მენატურე ქალებთან გაჩაღებული რომანების შემდეგ რომ მოევლინენ ქვეყანას. მართალია, გამოუსწორებელ მექალთანედ მიაჩნდათ, მაგრამ მთელი სიცოცხლე უთქმელი, პლატონური სიყვარულით ეტრფოდა ემილიე ფლიოგეს, თავისი ძმის, ერნსტის ქვრივის უმცროს დას.

ბოჰემიიდან ჩამოსული ოქროზე მომუშავე გრავიორის ვაჟი გუსტავ კლიმტი ვენის ხელოვნებისა და ხელოსნობის სკოლაში სწავლობდა და ამ ორი სფეროს კავშირს მუდამ იცავდა. "ვენის სეცესიონის" (ვენელ მხატვართა გაერთიანება) დამაარსებელმა თვითონვე ითავა მისი დაცვა და თავის ნამუშევრებში დეკადენტური ფუფუნება დაამკვიდრა აქა-იქ გაბნეული ოქროსა და ვერცხლის ფოთლების ელვარებით, რაც ბიზანტიურ მოზაიკას მოგაგონებდათ. მონაწილეობდა .. "ვენის სახელოსნოების" (სახვითი ხელოვნების წარმომადგენელთა საწარმოო საზოგადოება) მუშაობაშიც. ეს იყო წამოწყება, რომელიც მიზნად ისახავდა მხატვრული ხელოსნობის რეფორმირებასა და Art Nouveau- (მოდერნის) ადგილობრივ ვარიანტს ამკვიდრებდა კარგად დამუშავებული ტექსტილის კონცეფციების საშუალებით. თუ დავაკვირდებით ვენელი მაგნატების მეუღლეებისა და ქალიშვილების პორტრეტებს, რომლებიც კლიმტმა თავისი შემოქმედების საუკეთესო პერიოდში შექმნა, დავრწმუნდებით, რომ სავსებით ახალი სტილის დეკორატიულობისკენ სწრაფვამ უბიძგა სახეებზე მეტად სამოსისთვის მიექცია ყურადღება. პეიზაჟების ხატვისასაც, რომლებიც მისი ნამუშევრებიდან ყველაზე ინტიმურია, იმავე ხერხს მიმართავდა.
კლიმტის მთავარი თემა, მისი პორტრეტებისა და ალეგორიების მამოძრავებელი ძალა, ყოველთვის იყო "მარად ქალური" საწყისი. ის, რომ თამამად და მოურიდებლად აშიშვლებდა ქალის სხეულს თავის ტილოებზე, ათწლიანი კონფლიქტის ფასად დაუჯდა ვენაში ცნობილ ხელოვნების დიდ მეცენატებთან. პესიმისტურმა ალეგორიულმა პანოებმა, რომლებიც ვენის უნივერსიტეტისთვის დახატა, გარდატეხა შეიტანა მის შემოქმედებაში.
კლიმტის ბევრი ქმნილება სათავეს იღებს სწორედ ამ ნამუშევრებიდან, რომლებიც 1945 წელს იმერდორფის ციხე-დარბაზში გაჩენილმა ხანძარმა იმსხვერპლა. ხელოვნების შედევრები საბჭოთა ჯარებს რომ არ ჩავარდნოდათ ხელთ, ნაცისტებმა ციხე-დარბაზს ცეცხლი წაუკიდეს. ცეცხლმა შთანთქა კლიმტის ნამუშევრებიც, რომელიც 55 წლისა გარდაიცვალა, ხატავდა ცოტას და თანაც, ნელა.
კლიმტის შემოქმედება, ისევე როგორც XIX საუკუნის მიწურულის ავსტრიის ისტორია, მაშინდელ დიდ ევროპულ მიმდინარეობებთან ნაგვიანევი ადაპტაციის გამოხატულებაა. სიმბოლიზმმა და იაპონურმა ესტამპებმა მაშინ გაიტაცა, როცა ოცი წელიწადი გასულიყო იმ დროიდან, რაც საფრანგეთში ამ მოძრაობის ოქროს ხანა იდგა. იგივე შეიძლება ითქვას მის ნეოიმპრესიონისტულ ექსპერიმენტებზეც, მაშინ როცა სხვა ქვეყნებში უკვე კუბიზმი და აბსტრაქტული ხელოვნება იკიდებდა ფეხს. უცნაურია, მაგრამ XX საუკუნის ფერწერული ავანგარდისტული მიმდინარეობების აყვავების ხანაში სწორედ ამ დაგვიანების წყალობით შეიძინა კლიმტის ფერწერამ როგორც გრძნობადი და დეკადენტური, ისე ამაღლებული და იდუმალი შტრიხები.

No comments:

Post a Comment